როგორ გავწმინდო Samsung Galaxy მოწყობილობის მეხსიერება. როგორ გადავიტანო ფაილები მეხსიერების ბარათზე

ბოლო განახლების თარიღი : 12-09-2024

შინაარსი

  1. რა ხდება მეხსიერების გავსების შემთხვევაში
  2. სად ვნახო, თუ მეხსიერების რა ნაწილია ცარიელი
  3. შეიძლება თუ არა შიდა მეხსიერების მოცულობის გაზრდა მეხსიერების ბარათის გამოყენებით
  4. როგორ გავწმინდო მეხსიერება: აპლიკაციების წაშლა ან გადატანა მეხსიერების ბარათზე
  5. როგორ გავწმინდო მეხსიერება: წაშალე სურათები, მუსიკები, ვიდეოები და სხვა ფაილები ან გადაიტანე ისინი მეხსიერების ბარათზე
  6. როგორ მოვიქცე, თუ მეხსიერების ცარიელი ნაწილი თავისით ქრება
  7. როგორ ვიპოვო აპლიკაციები, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს და როგორ შევამცირო მათი ზომა
  8. რატომ არის მეხსიერების ცარიელი ნაწილი იმაზე ნაკლები, რაც მითითებულია მოწყობილების სპეციფიკაციებში
  9. დასკვნები

რა ხდება მეხსიერების გავსების შემთხვევაში

მეხსიერების გავსების შემთხვევაში მოწყობილობის მუშაობა შენელდება და ის დაიწყებს გაჭედვას. ამ დროს ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება.

ამის თავიდან აცილების მიზნით, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ძირითადი მეხსიერების მინიმუმ 500MB. თუ მეხსიერება მაინც გაივსო, შეასრულე ამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები.

სად ვნახო, თუ მეხსიერების რა ნაწილია ცარიელი

უმეტეს მოწყობილობებზე მეხსიერების მოცულობის ნახვა შეგიძლია აპლიკაციაში „ჩემი ფაილები“ ( ჩვეულებრივ მდებარეობს მენიუში, საქაღალდეში Samsung). პირველი ციფრი აღნიშნავს დაკავებული მეხსიერების მოცულობას, ხოლო მეორე მეხსიერების მთლიან მოცულობას.

თუ შენს მოწყობილობაზე, აპლიკაციაში „ჩემი ფაილები“ არ არის ეს ინფორმაცია, მის სანახავად გახსენი „მენიუ“ → „პარამეტრები“→ „მეხსიერება“.

შეიძლება თუ არა შიდა მეხსიერების გაერთიანება მეხსიერების ბარათთან

არა. შიდა მეხსიერება და მეხსიერების ბარათი არის განსხვავებული მახასიათებლების მქონე ორი საცავი, ამიტომ შეუძლებელია მოწყობილობის მეხსიერებაში არსებული ყველა ტიპის მონაცემის გადატანა მეხსიერების ბარათზე.

როგორ გავწმინდო მეხსიერება: წაშალე ის აპლიკაციები, რომლებსაც არ იყენებ

ზოგადად, აპლიკაციები იკავებს მოწყობილობის მეხსიერების დიდი ნაწილს. რაც ნაკლები აპლიკაციაა დაინსტალებული მოწყობილობაზე, მით მეტია ხელმისაწვდომი მეხსიერების მოცულობა და ელემენტიც უფრო დიდხანს ძლებს.

ჩაატარე შემოწმება: შეამოწმე შენს მოწყობილობაზე დაინსტალებული აპლიკაციები და წაშალე არასაჭირო აპლიკაციები.

შეიძლება შეძლო აპლიკაციების ნაწილის გადატანა მეხსიერების ბარათზე. თუმცა ამის დიდი იმედი ნუ გექნება: ეს ვარიანტი დამოკიდებულია კონკრეტული აპლიკაციის დეველოპერზე და ასეთი აპლიკაციები ძალიან ცოტაა.

როგორ გავწმინდო მეხსიერება: წაშალე სურათები, მუსიკები, ვიდეოები და სხვა ფაილები ან გადაიტანე ისინი მეხსიერების ბარათზე

მოწყობილობაზე არსებული ფაილების სამართავად გამოიყენე აპლიკაცია „ჩემი ფაილები“. ეს არის კომპიუტერზე არსებული Windows-ის ფაილების მენეჯერის მსგავსი აპლიკაცია.

მოწყობილობის მენიუში მოძებნე და გაუშვი აპლიკაცია „ჩემი ფაილები“. ჩვეულებრივ მდებარეობს საქაღალდეში Samsung.

მთავარ ეკრანზე აირჩიე მოწყობილობის მეხსიერება.

გამოჩნდება საქაღალდეები და ფაილები, ვინაიდან ისინი შენახულია მოწყობილობის მეხსიერებაში. ახლა უნდა იპოვო დიდი ზომის მქონე საქაღალდეები. ამისთვის, აირჩიე ნებისმიერ საქაღალდე (არსებობს ორი ვარიანტი, მეთოდი დამოკიდებულია მოწყობილობაზე)

1. დააჭირე საქაღალდეზე და გეჭიროს რამდენიმე წამის განმავლობაში. საქაღალდის გვერდით გამოჩნდება კვადრატი ან წრე და მოსანიშნი უჯრა;
2. ან, თუ საქაღალდის გვერდით არის კვადრატი ან წრე, დააჭირე მას. ის მოინიშნება.

დააჭირე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს „ვარიანტები“ (შეიძლება ქონდეს სამი წერტილის ფორმა) და აირჩიე „მახასიათებლები“ ან „ინფორმაცია“.

ეს პუნქტი შეიძლება მდებარეობდეს ეკრანის ქვედა ნაწილშიც (არ არის საჭირო „ვარიანტების“ ღილაკზე დაჭერა).

პუნქტში „ზომა“ ნაჩვენებია მეხსიერების ზომა, რომელსაც იკავებს საქაღალდე. თუ საქაღალდე ბევრ ადგილს იკავებს (500Mb-ზე მეტი), უმჯობესია ის გადაიტანო  მეხსიერების ბარათზე.

შენიშვნა:

ზოგადად ყველაზე დიდი მოცულობის საქაღალდეებია: DCIM —კამერით გადაღებული სურათები და ვიდეოები, Download — ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფაილები, საქაღალდეები WhatsApp ან სხვა მესენჯერების სახელწოდებით —ამ მესენჯერების ჩატებიდან მიღებული ფაილები, Music — მუსიკალური ფაილები.

გადასატანად ხელახლა მონიშნე საქაღალდე, დააჭირე ღილაკს „ვარიანტები“ და აირჩიე „გადატანა“. წასაშლელად აირჩიე „წაშლა“.

შეგიძლია არამარტო საქაღალდეების, არამედ ასევე ამ საქაღალდეებში შენახული ცალკეული ფაილების გადატანა.
ეს პუნქტები შეიძლება მდებარეობდეს ეკრანის ქვედა ნაწილშიც (არ არის საჭირო „ვარიანტების“ ღილაკზე დაჭერა).

აირჩიე პუნქტი „მეხსიერების ბარათი“, შემდეგ დააჭირე ღილაკს „მზადაა“ ან „აქ გადმოტანა“. საქაღალდე გადატანილია.

როგორ მოვიქცე, თუ მეხსიერების ცარიელი ნაწილი ქრება

ყველა აპლიკაცია შედგება სამი ნაწილისაგან: აპლიკაცია, მონაცემები და ქეში. ამ სამი ნაწილის აღწერის და მათი დანიშნულების დეტალური სტატიის სანახავად, გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, მონაცემები და ქეში არის აპლიკაციის მუშაობისთვის საჭირო ცვალებადი ელემენტები. მათ შეიძლება გაზარდონ აპლიკაციის თავდაპირველი ზომა რამდენიმე მეგაბაიტიდან რამდენიმე გიგაბაიტამდე.

ამიტომ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მეხსიერების ცარიელი სივრცის რაღაც ნაწილი უბრალოდ ქრება: მუშაობის დროს იზრდება დაინსტალებული აპლიკაციების ზომა. ყველაზე მეტად იზრდება ინტერნეტთან კავშირით მომუშავე აპლიკაციების ზომა: YouTube, Facebook, Twitter, ВКонтакте, WhatsApp, ბრაუზერები და სხვა მსგავსი აპლიკაციების ზომა.

მაგალითად, დაინსტალების მერე YouTube იკავებს 30MB-ს.

დაკავებული მეხსიერების მოცულობის გაზრდა არის აპლიკაციის მუშაობის პროცესის თანმდევი ფაქტორი. ამიტომ, თუ მოწყობილობის მახსოვრობა მუდმივად ივსება, გაქვს ორი ვარიანტი:


1. შეიძინე უფრო დიდი მეხსიერების მქონე მოწყობილობა და აღარ შეგაწუხებს მეხსიერების უკმარისობასთან დაკავშირებულია პრობლემა;

2. შეამცირე აპლიკაციების რაოდენობა და გააგრძელე მეხსიერების ხელით გაწმენდა.

როგორ ვიპოვო აპლიკაციები, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს და როგორ შევამცირო მათი ზომა

ჩვენ დავადგინეთ, რომ მეხსიერება თავისით ვერ გაქრება, ეს ყოველთვის ხდება კონკრეტული აპლიკაციების მიზეზით. რადგან ყველა მომხმარებელს დაინსტალებული აქვს სხვადასხვა აპლიკაციები, საჭიროა იმის დადგენა, თუ რომელი აპლიკაციები იკავებს ყველაზე მეტ ადგილს შენს მოწყობილობაზე.

აპლიკაციების ზომის მიხედვით დალაგებისთვის მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.

Android 14- 11 მოწყობილობებზე:

გახსენი „პარამეტრები“ > „აპლიკაციები“ > აირჩიე მარჯვნივ მდებარე 3 ხაზი

ჩანართში „დალაგების კრიტერიუმები“ აირჩიე „ზომა“.

Android 10-9 მოწყობილობებზე:

გახსენი „პარამეტრები“ > „აპლიკაციები“ > 3 წერტილი > „დალაგება“ > „ზომა“.

ახლა შეგიძლია ნახო, თუ რომელი აპლიკაციები იკავებს ყველაზე მეტ ადგილს შენს სმარტფონზე.

სავარაუდოდ მეხსიერება ივსება სურათებით, ვიდეო ფაილებით, სტიკერებით და ხმოვანი შეტყობინებებით. ფაილების ავტომატური ჩამოტვირთვის გამო, ეს ყველაფერი შეუმჩნევლად ხდება. გირჩევ გათიშო ფაილების ავტომატური ჩამოტვირთვა. ქვემოთ მოცემულია მითითებები ყველაზე პოპულარული მესენჯერების პარამეტრების შეცვლისთვის. შეეცადე შენით მოიძიო სხვა მესენჯერების შესაბამისი პარამეტრები.

  • WhatsApp: ჩატების სიაში დააჭირე ზედა მარჯვენა მხარეს მდებარე სამ წერტილს → „პარამეტრები“ → „მონაცემები და საცავი“ → ჩანართში „მედია ფაილების ავტომატური ჩატვირთვა“ პუნქტები „მობილური ქსელი“, „Wi-Fi“, „როუმინგი“ → გააუქმე ამ უჯრების მონიშვნა. ასევე, პუნქტში „საცავი“ შეგიძლია ნახო, თუ რამდენ ადგილს იკავებს თითოეული კონტაქტის ფაილები და წაშალო ის. ამისთვის, უნდა მონიშნო კონტაქტი და დააჭირო ღილაკს „ადგილის გათავისუფლება“.

  • Telegram: ჩატების სიაში დააჭირე ზედა მარცხენა მხარეს მდებარე სამ ხაზს → „პარამეტრები“ → „მონაცემები და მეხსიერება“ → ჩანართში „მედია ფაილების ავტომატური ჩატვირთვა“ პუნქტები „მობილური ქსელი“, „Wi-Fi“ , „როუმინგი“ → გადასწიე გადამრთველი მარცხნივ.

  • Viber: ჩატების სიაში დააჭირე ქვედა მარჯვენა მხარეს მდებარე სამ წერტილს → „პარამეტრები“ → „მონაცემები და მულტიმედია“ → პუნქტები „ავტომატური ჩატვირთვა GSM ქსელით~ და „ავტომატური ჩატვირთვა Wi-Fi ქსელით“ → გააუქმე ყველა უჯრის მონიშვნა.

სავარაუდოდ, მეხსიერება ივსება ქეშით. სცადე მათი წაშლა ყველა აპლიკაციისთვის ცალ-ცალკე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

ქეშის წაშლა რეგულარულად უნდა მოხდეს. როგორც კი მეხსიერება შეივსება, მოგიწევს ამის თავიდან გაკეთება.

როგორც წესი, ქეშის წაშლამ არ უნდა იქონიოს გავლენა აპლიკაციაში შენახულ ინფორმაციაზე, თუმცა არსებობს ამის ალბათობა.

შეუძლებელია იმის ზუსტი პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს ქეშის წაშლა აპლიკაციის შემდგომ მუშაობაზე იმიტომ, რომ მის შემქმნელ პროგრამისტს შეიძლება მასთან დაკავშირებული ქონდეს რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამიტომ, თუ აპლიკაციაში ინახება რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ წაშალო ქეში.

რატომ არის მეხსიერების ცარიელი ნაწილი იმაზე ნაკლები, რაც მითითებულია მოწყობილების სპეციფიკაციებში

ერთ-ერთი ხშირად დასმული შეკითხვაა: „რატომ არის მეხსიერების ცარიელი ნაწილი იმაზე ნაკლები, რაც მითითებულია მოწყობილების პარამეტრებში“, მაგალითად სმარტფონის 8GB მოცულობის მეხსიერებიდან ცარიელია მხოლოდ 700MB.

მოწყობილობის მახასიათებლებში მითითებულია მასში ჩაყენებული ფიზიკური მეხსიერების მოდულის მოცულობა. სმარტფონის ან პლანშეტის მუშაობისთვის საჭიროა ამ მოდულზე დაინსტალებული ოპერაციული სისტემა და სერვისის აპლიკაციები. მათ მიერ დაკავებული მოცულობა დამოკიდებულია მოწყობილობაზე: მაგალითად, Galaxy J1-ზე — 6.5 GB და Galaxy S10-ზე — 20 GB.

აქედან გამომდინარე, ოპერაციული სისტემა იკავებს მთლიანი მოცულობის რაღაც ნაწილს. შედეგად, ცარიელი მეხსიერების მოცულობა არის მოწყობილობის მახასიათებლებში მითითებულ მოცულობაზე ნაკლები.

ზემოთ მითითებული რეკომენდაციების თანახმად, მარტივად შეგიძლია სურათების, ვიდეოების და მუსიკის ფაილების გადატანა მეხსიერების ბარათზე, თუმცა ასეთი ფუნქციის მხარდაჭერის მქონე აპლიკაციების რაოდენობა ძალიან მცირეა.

ამიტომ, თუ გეგმავ ბევრი აპლიკაციის დაინსტალებას, განსაკუთრებით კი თამაშების, ამისთვის უნდა შეიძინო დიდი მეხსიერების მქონე მოწყობილობა, მინიმუმ 16 GB და სრული კომფორტისთვის კი - 64GB ან მეტი მოცულობის.

დასკვნები

  1. არ გადატვირთო მოწყობილობა ზედმეტი აპლიკაციებით: ისინი ავსებს შიდა მეხსიერებას და მოიხმარს ზედმეტ ენერგიას.
  2. მეხსიერების ბარათით ვერ შეძლებ მოწყობილობის შიდა მეხსიერების დიდი ნაწილის განთავისუფლებას აპლიკაციებისაგან. რაც მეტი აპლიკაციის დაინსტალებას გეგმავ, მით უფრო დიდი მოცულობის შიდა მეხსიერება გჭირდება. უხარვეზო ფუნქციონირებისთვის, შეიძინე არანაკლებ 64GB მოცულობის შიდა მეხსიერების მქონე მოწყობილობა.
  3. თუ არ გყოფნის მეხსიერების სივრცე, სურათები, მუსიკები და ვიდეო ფაილები შეინახე მეხსიერების ბარათზე.
  4. მეხსიერება თავისით ვერ გაქრება, ეს გამოწვეულია აპლიკაციების ზომის გაზრდით მათი გამოყენების დროს.

როგორ გავწმინდო Samsung Galaxy მოწყობილობის მეხსიერება. როგორ გადავიტანო ფაილები მეხსიერების ბარათზე — ვიდეო ჟესტურ ენაზე თარგმანით.

მადლობა გამოხმაურებისთვის!